სროლა და დაპირისპირება ვაკეში: საქმით პოლიცია დაინტერესდა - ვიდეო

ვაკეში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრები, რომლებზედაც ისმის სროლის ხმაც, სოციალურ ქსელში პარასკევს გავრცელდა.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. თბილისში მომხდარი ინცინდენტის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრები, რომლებზედაც, სავარაუდოდ, სროლის ხმაც ისმის, სოციალურ ქსელში პარასკევს გავრცელდა.
კადრებში ჩანს, თუ როგორ ეჯახება ერთ-ერთი ავტომანქანა მეორეს, ქვეითად მყოფები (დაახლოებით 7 პირი) კი მანქანას ფეხებსა და ხელებს ურტყამენ. ამის შემდეგ ერთ-ერთი პირი მანქანის მისამართით, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის.
ტელეკომპანიის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით არის დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების აღკვეთის ვადით 4-დან 7 წლამდე ისჯება.