თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 3,24 მლრდ ლარი შეადგინა. ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 492 მილიონი ლარია.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის მარტის ჩათვლით 43,31%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4,28% შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,4 მლნ ადამიანია ჩართული. აქედან თითქმის 3,4 ათასმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით და 9 მლნ ლარზე მეტი მიიღო.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
წყარო - საპენსიო სააგენტო