თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. პენსიონერებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური ზედამხედველობის დეპარტამენტს 244 საჩივრით მიმართეს დაკრედიტების პირობებთან დაკავშირებით, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში დეპუტატების მოთხოვნის საპასუხოდ.
2023 წლის 1 იანვრიდან პენსიონერების დაკრედიტების ახალი წესი ამოქმედდა.
სიახლის მიხედვით, ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის სესხის მაქსიმალური წლიური განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს დაკრედიტების ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსის ჯამს და 15 პროცენტულ პუნქტს. 2023 წელს სესხების ღირებულების ზედა ზღვარი 26% იქნება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან 27 მარტის ჩათვლით პენსიონერებმა შეიტანეს 244 საჩივარი, აქედან 197 ეხებოდა თავად სესხებს, ხოლო 47 - პენსიების წინასწარ გაცემას.
ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საჩივრები ეხებოდა როგორც თავად სასესხო ხელშეკრულებებს, ასევე გადახდის გრაფიკს, 18 პენსიონერი სესხის პროცენტით იყო უკმაყოფილო.
საქართველოში მოქმედებს კანონი ასაკობრივი პენსიონერებისთვის პენსიების ინდექსაციის შესახებ, რაც დამოკიდებულია ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.
2023 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 295 ლარის, 70 წელს ზემოთ პირთათვის კი 365 ლარის ოდენობით დადგინდა. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე პირთათვის შეადგენს 355 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის – 440 ლარს. ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.