თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს სატრანზიტო როლი და ორი ქვეყნის თანამშრომლობის განმტკიცების საკითხები როგორც ენერგეტიკის, ისე ტრანსპორტის სფეროში მთავარი გზავნილები გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრის შემდეგ.
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, გაზსადენი TANAP, ბაქო-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენები.
„საქართველო, მოგეხსენებათ, არის ძალიან სანდო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანა ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ელექტროკაბელის ახალ პროექტზე, რომელიც ენერგიას მიაწვდის ევროპას აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.
„ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, როგორიცაა, მაგალითად, შავი ზღვის ელექტროკაბელი, რათა განვავითაროთ ე.წ. მწვანე კორიდორი. საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვთ დიდი პოტენციალი, რომ მივაწოდოთ ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ილჰამ ალიევმა, ელექტროკაბელის პროექტის გარდა, ისაუბრა ასევე საქართველოს გავლით ევროპაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. მისი სიტყვებით, უკვე 2027 წელს აზერბაიჯანი აპირებს ევროპაში 20 მილიარდი კუბომეტრი აირის გატანას.
მეორე თემა, რომელზეც საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ისაუბრეს, იყო „შუა დერეფნის“ საკითხი.
კასპიის ზღვაზე აღმოსავლეთი-დასავლეთის შუა დერეფნის პოტენციალის განვითარების შესახებ შეთანხმება თურქეთს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის 2022 წლის ივნისში იქნა მიღწეული, მოგვიანებით კი ამ შეთანხმებას საქართველოც შეუერთდა, როგორც დერეფნის სატრანზიტო გზის ნაწილი.
„ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად, კოორდინირებულად ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილია უახლოეს მომავალში ყველა ბარიერი მოიხსნას, უნდა განვავითაროთ ერთობლივად ინფრასტრუქტურა, ეს არის პორტები, რკინიგზა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი სიტყვებით, საქართველოში ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
„ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ წელს ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობა, ასევე დაახლოებით ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენი რეგიონის მიმართულებით, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც გვქონდა საუბარი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მუშაობს ახალი ტვირთების მოზიდვაზე და ახლა მნიშვნელოვანია ერთიანი ადმინისტრირების საკითხი.
„ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა განხორციელდეს ისე, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს ერთიანი. ჩვენ გვჭირდება ერთიანი ხედვა და გადამზიდების, ახალი მოცულობების ერთობლივად მოზიდვა“, – თქვა ალიევმა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.