თბილისის ბოტანიკური ბაღი „საკურას დღეებს“ უმასპინძლებს

საკურას ყვავილობა გაზაფხულის ერთ-ერთი მომხიბვლელი სანახაობაა.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 8 და 9 აპრილს თბილისში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, წლევანდელი ღონისძიებისთვის იაპონურ ბაღს ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 25 ახალი ნერგი შეემატა.
„საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება, რომელსაც წარუძღვება მისი აღმატებულება, საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე მიუკი იმამურა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, თემატური ხელნაკეთი ნივთების, იაპონური ტრადიციული სამოსისა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ იაპონურ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

გარდა ამისა, დამთვალიერებლებს სუშის მომზადების მასტერ-კლასისა და იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.
ღონისძიების დასასრულს დამსხვრეული ჭურჭლის ოსტატურად შეკეთების იაპონური ხელოვნების მასტერ-კლასი ჩატარდება.
ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ ორი დღის განმავლობაში 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება.