აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება: კელი დეგნანმა მიზეზი განმარტა

ელჩი მიიჩნევს, რომ არსებითი რეფორმები უნდა გაგრძელდეს, რაც ნამდვილად უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას საქართველოში.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. შეერთებულ შტატებს აქვს სანქცირებული მოსამართლეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სანდო მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები საკმარისია აშშ-ის კანონმდებლობით, განაცხადა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.
„ეს გადაწყვეტილება დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ“, – აღნიშნა ელჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისთვის არსებული მტკიცებულებები საკმარისია.
„ჩვენ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას სასამრთლო სისტემაში და ამიტომ არის სავიზო სანქციები მათ წინააღმდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი კორუფციის წინააღდეგ ბრძოლისა და საქართველოს დახმარების, მიაღწიოს ნამდვილად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას“, - განაცხადა დეგნანმა.
ამასთან მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიება საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა.
აშშ-ის სანქციები: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებს ღარიბაშვილთან შეხვედრა სურთ >>
„სავიზო სანქციები არის ამერიკული კანონის შესაბამისად. ქართველი სამართალდამცავების გადასაწყვეტია, დაიწყონ რაიმე სახის გამოძიება“, – განაცხადა დეგნანმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მიერ გატარებულ სასამართლო რეფორმას.
„უნდა გაგრძელდეს შინაარსიანი რეფორმები, რაც ნამდვილად უზრუნველყოფს საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა დეგნანმა.
ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიაწვდის შესაბამის მტკიცებულებებს სასამართლო კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
მანამდე აშშ-ის საელჩომ უარი თქვა მტკიცებულებების მიწოდებაზე და განაცხადა, რომ არსებული ინფორმაცია საკმარისია აშშ-ს კანონმდებლობისთვის, ხოლო ქვეყანაში მომხდარი დანაშაულებები საქართველომ თავად უნდა გამოიძიოს.