თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად საერთო ჯამში 596,61 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
ოქროს ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 62.644,04 ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, კანონდამრღვევი აზერბაიჯანის მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო თურქეთის მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ფულადი ჯარიმა შეეფარდა 14.408,46 ლარის ოდენობით.