თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ქართველ მოსამართლეებზე სანქციების დაწესების შესახებ უარყოფითად აისახება ქვეყნის სასამართლო სისტემის რეპუტაციაზე და მეტ სიცხადეს მოითხოვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეები და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.
თუ ადგილი აქვს დანაშაულს, ამისათვის საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა, განაცხადა ოხანაშვილმა.
„როცა საუბარია სახელისუფლებლო შტოს წარმომადგენლების სანქცირებაზე, ეს უპრეცედენტოა. 2012 წლამდე, როცა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, სასამართლო სისტემა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, პულსი არ ესინჯებოდა, მაშინ არ განხორციელებულა ასეთი მძიმე ქმედება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
დეპუტატის თქმით, კომუნიკაციის სხვადასხვა მექანიზმები და ფორმატები არსებობს, ამიტომ პირველ რიგში საჭიროა კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყანასთან.
„ფაქტობრივად ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში ცალკეულ მოსამართლეებს. ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სასამართლოს რეპუტაციაზე, ამიტომ ამ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საზოგადოებისთვის ყველაფერი უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე, თუ ვისი მხრიდან იქნა მიწოდებული ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, აღნიშნა მან.
„უსამართლობა არის მძიმე რამ – როცა ადამიანს რაღაც არ აქვს ჩადენილი და ბრალი წარუდგინო. ამიტომ რასთან გვაქვს საქმე, ყველას გვაინტერესებს... ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი იყოს საჯარო და ნათელი, რომ რაიმე სპეკულაციის სივრცე არ დარჩეს“, – ხაზგასმით აღნიშნა ოხანაშვილმა.
რაც შეეხება მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულების მიზეზებს, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სანდო ინფორმაციის საფუძველზე – რომ აღნიშნული მოსამართლეები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ თავიანთი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები, და მათ მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია საკმარისია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებისთვის სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.
ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციების დაწესების გადაწყვეტილების უკან კორუფციული პროცესებია.
ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მიერ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ მიზეზების არგუმენტირებული განმარტების გარეშე დააწესა, რაც გაუგებარი და მიუღებელია.
სანქცირებული მოსამართლეები
ლევან მურუსიძე არის ყველაზე სკანდალურად ცნობილი მოსამართლე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გამოტანის გამო. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია და საქმეების განხილვისას ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლების პირობებში მოქმედი კანონებით და სხვა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა.
უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობისას ლევან მურუსიძემ გააგრძელა კარიერა და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას „სასამართლო კლანის“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებს პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ.
მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც მოსამართლე, არ მონაწილეობდა გახმაურებულ საქმეებში, თუმცა ოპოზიციამ ის სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის შუამავლობაში არაერთხელ დაადანაშაულა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მსჯავრდებულმა სოსო გოგაშვილმა ჩინჩალაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის დამკვეთი უწოდა კონკრეტულ საქმეებზე.
ვალერიან ცერცვაძეს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელს, უკავშირდება ისტორია, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს მიუკერძოებლობა ორ კერძო კომპანიას iTechnic-სა და iPlus-ს შორის არსებულ დავაში. მოსამართლის ახლობლები iTechnic-ის მფლობელები აღმოჩნდნენ, რომლის სასარგებლოდაც დასრულდა დავა.
ხოლო ირაკლი შენგელიას სახელი ნეპოტიზმის ფაქტს უკავშირდება. მისმა მეუღლემ, დამ და დისშვილმა სასამართლო სისტემაში მუშაობა მისი დანიშვნის შემდეგ დაიწყეს. გარდა ამისა, მან ასევე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა თავისი სიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას.