სუსი: შესაძლოა, სანქციები აშშ-ის მოქალაქის საქართველოში არშემოშვებას უკავშირდებოდეს

სუსის უფროსმა დაადასტურა, რომ მათი გადაწყვეტილებით აშშ-ის მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა არ გამორიცხა, რომ ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შესაძლოა უკავშირდებოდეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ საქართველოში აშშ-ის მოქალაქის ჯეიმსონ მარშალ კომინსის არშემოშვებას.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეები და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.
ლილუაშვილის თქმით, ვერ იტყვის, სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა აშშ-ის მოქალაქის არ შემოშვებასთან და აღნიშნა, რომ ეს ამერიკულ მხარეს უნდა ვკითხოთ, თუმცა, ეს კავშირი არ გამორიცხა.
ამავე დროს სუსის უფროსმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩო კომინსის არშემოშვების შემდეგ ხელისუფლებას არ დაკავშირებია.
„ვადასტურებ, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე... ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია რატომ არ შემოვუშვით, ალბათ მიზეზი თავადაც კარგად იციან“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საუბარია მარტში პროტესტების ორგანიზებაზე.
აშშ-ის სანქციები: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებს ღარიბაშვილთან შეხვედრა სურთ >>
„საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრეინინგებასთან, მითითების გაცემასთან და ა.შ.". - განაცხადა ლილუაშვილმა.
კომინსის არშემოშვების მიზეზების შესახებ ქართულ მედიაში დაიწერა. სპეციალისტი ევრაზიის საკითხებში ჯეიმს მარშალ კომინსი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, არაერთი წყაროს ცნობით, მან მონაწილეობა მიიღო სტუდენტური ორგანიზაცია „ჯიუტების“ ტრენინგებში, რომელიც სხვა სტუდენტურ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა უცხოურ აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებში.
ცინიზმის პიკი: „ხალხის ძალა“ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შესახებ >>
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.