გიორგი მამარდაშვილი შეიძლება ესპანეთიდან ინგლისში გადავიდეს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მამარდაშვილის აგენტი მის ლონდონში ტრანსფერზე მუშაობს.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სატრანსფერო ბაზრის სიახლეებში ყველაზე კარგად გარკვეული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის“ ახალგაზრდა მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში შეიძლება ინგლისის პრემიერ-ლიგაში გადავიდეს.
ყველაზე მეტ ინტერესს მამარდაშვილის მიმართ „ლესტერი“ ამჟღავნებს, რომელიც სეზონის შედეგებით, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ-ლიგიდან გავარდეს.

„გასაგებია, რომ „ლესტერი“ ფავორიტია მამარდაშვილის ტრანსფერისთვის ბრძოლაში, მათი მხრიდან დიდი ინტერესია ქართველი მეკარისადმი. მისი აგენტი ლევან სეთურიძე გუშინ „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ მატჩს დაესწრო „სტემფორდ ბრიჯზე“. ის საზაფხულო ტრანსფერზე მუშაობს ლონდონში“, – დაწერა რომანომ.

მამარდაშვილი ესპანურ გუნდს იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში შეუერთდა. მან შთაბეჭდილება მოახდინა კლუბის მწვრთნელ ხოსე ბორდალასზე. ეს დაეხმარა მას, რომ კლუბის ძირითად შემადგენლობაში ეპოვა ადგილი. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.
„ტრანსფერმარკტის“ ინფორმაციით, 22 წლის ქართველი მეკარის ღირებულება ერთ წელიწადში 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა.