ცინიზმის პიკი: „ხალხის ძალა“ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შესახებ

ამერიკელები არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს და მეტიც, ისტერიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ოთხი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ მტკიცებულებების გარეშე არის „ცინიზმის პიკი“ და დასტური იმისა, რომ ამერიკელები არ ცნობენ საქართველოს სუვერენიტეტს, ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის სანქცირება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უბრალოდ ცინიზმის მწვერვალია. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკელები საქართველოს სუვერენიტეტს არ ცნობენ და მეტიც, საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ისტერიულად უპირისპირდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალამ“ ამერიკელების ქმედებებს „თავხედური“ უწოდა და მტრულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
„ამერიკელების თავხედური ქმედებები სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური წესრიგის მიმართ მათი მტრული დამოკიდებულების შედეგია“, - ნათქვამია განცხადებაში.
როდესაც ამერიკაში სასამართლოს ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა სულაც 25 პროცენტზეა ჩამოსული, უმჯობესია ამერიკელებმა საკუთარ დემოკრატიასა და სასამართლო სისტემაში არსებული დირე მოიკითხონ და სხვის დემოკრატიასა და სასამართლო სისტემაში ბეწვი არ ეძებონ, აღნიშნავენ ავტორები.
აშშ-ს ქართული სასამართლოს ხელში ჩაგდება სურთ - მურუსიძე >>
„ხალხის ძალამ“ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას „აშშ-ის მიერ დანიშნული“ უწოდა და აღნიშნა, რომ დღეს პატიმარი სააკაშვილი ამერიკელების განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ არის.
„ხალხის ძალა“ ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკელები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობენ სასამართლოზე კონტროლის მოპოვებას და არ ერიდებიან თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას სასამართლოში არსებულ რიგ საქმეებთან დაკავშირებით.
მოძრაობამ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც აშშ-ის საელჩომ მოსამართლეს სთხოვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობის შესახებ საქმის დეტალების გარკვევა. ოპოზიციური პოლიტიკის გამტარებელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობის დავის სასამართლო პროცესი ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა.
ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და შემდგომში ახალი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, „რუსთავი 2“-ის ახალ მფლობელთან გადასვლიდან სამი წლის შემდეგ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.
„ხალხის ძალამ“ ხელისუფლებისგან მოითხოვა მეტი პრინციპულობა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვის კუთხით.
„ამისათვის კი, აუცილებელია, ხელისუფლებამ გამოავლინოს მეტი პრინციპულობა და როგორც საქართველოს სუვერენიტეტი, ისე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ანტიდემოკრატიული შეტევებისგან მეტი სიმკაცრით დაიცვას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და ახორციელებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ დაკვეთებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიაწვდის შესაბამის მტკიცებულებებს სასამართლო კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
მანამდე აშშ-ის საელჩომ უარი თქვა მტკიცებულებების მიწოდებაზე და განაცხადა, რომ არსებული ინფორმაცია საკმარისია აშშ-ს კანონმდებლობისთვის, ხოლო ქვეყანაში მომხდარი დანაშაულებები საქართველომ თავად უნდა გამოიძიოს.