აშშ-ის სანქციები: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებს ღარიბაშვილთან შეხვედრა სურთ

ეს არ არის მხოლოდ სანქციები კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ეს არის სასამართლო სისტემის დაქვემდებარებისა და ხელში ჩაგდების მცდელობა, განაცხადა მოსამართლემ
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა მიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თხოვნით, უმოკლეს ვადაში დანიშნოს შეხვედრა მოსამართლეებთან, ასე გამოეხმაურა იგი კოლეგების წინააღმდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაწესებას.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.
„თუ რაღაც ჩანაწერი არსებობს ჩემთან მიმართებაში, თანხმობას ვაცხადებ, რომ გამოაქვეყნონ. გადავდგები თანამდებობიდან, თუ რაიმე უკანონო სატელეფონო საუბრები ხდებოდა - მივმართავ პრემიერს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.
როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, თავდასხმები სასამართლოზე ადრეც ყოფილა, მაგრამ ახლა „ყველაზე სერიოზული“ მოხდა.
„ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მოსამართლეების სანქცირება, ეს არის გზავნილი სასამართლო ხელისუფლების მიმართ, მისი დამორჩილების და მიტაცების მცდელობა“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.
აშშ-ს ქართული სასამართლოს ხელში ჩაგდება სურს - მურუსიძე >>
მისი თქმით, საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განადგურების საფრთხე არსებობს. გვრიტიშვილი და სხვა მოსამართლეები პრემიერს მიაწვდიან ყველა „კულუარულ ზეწოლებზე“ ინფორმაციას, რაც მათ აქვთ.

„ჩვენ მას სრულად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს. იმ კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას, რაზეც ლევან მურუსიძე და მე ვსაუბრობთ. მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას. შემდეგ დაველოდები რა იქნება საქართველოს მთავრობისგან რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებს“, - აღნიშნავს გვრიტიშვილი.

ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და ახორციელებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ დაკვეთებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.