თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ 9 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილი შეხვედრა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელ ქალებთან აპოლიტიკურია, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოში 9 აპრილს აღინიშნება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. მასმედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ახალი მოძრაობის დაფუძნებას და ამისთვის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მოზიდვას აპირებს.
„9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ", – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხმების იმის თაობაზე, თითქოს პრეზიდენტი საქართველოში რაიმე სახის მოძრაობის დაფუძნებას აპირებს, სიცრუეა.
„განვმარტავთ, რომ ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას", – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს, 9 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად დიდ აქციას გეგმავს. ისინი პარლამენტის შენობასთან არა მხოლოდ თბილისელების, არამედ რეგიონებიდან მოსახლეობის შეკრებას აპირებენ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ „ნაცმოძრაობის" ერთადერთი სურვილი ხელისუფლებაში დაბრუნებაა და ისინი მათ რადიკალიზმსა და დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებენ. ასეთი დესტრუქციული მოქმედების მაგალითად ისინი „ნაციონალური მოძრაობის" უარს ასახელებენ საპარლამენტო მუშაობაში ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი.