თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან გნელ სანოსიანთან შეხვედრაზე რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური.
საქართველოში დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი იმყოფება. დელეგაციაში შედიან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სომხეთის გზების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი და იჯევანის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს გნელ სანოსიანს შეხვდა
„ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ სფეროში თანამშრომლობისა და აღნიშნული მიმართულებით ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სომეხ კოლეგას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძეც შეხვდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს გნელ სანოსიანს შეხვდა
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia / Vako Schneider
მხარეებმა ისაუბრეს მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების საჭიროებას.
ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს რეგიონების განვითარების მიზნით ინსტიტუციური გაძლიერებისა თუ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე.
სომხეთის დელეგაციის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების მნიშვნელობასა და პროგრესს. ასევე გაიხსენეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აშენებული ახალი საავტომობილო ხიდის სახით და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობას საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, საგზაო უსაფრთხოების, გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით.
სომხეთის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს საქართველოში მიმდინარე რამდენიმე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს და მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საქართველო-სომხეთის ეკონომიკურ ფორუმში.
წყარო - საქართველოს მთავრობა