ლევან კობიაშვილი უეფას აღმასკომის წევრად აირჩიეს

კობიაშვილს 55 დელეგატიდან მხარი 40-მა დაუჭირა
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
ოთხშაბათს ლისაბონში უეფას 47-ე კონგრესი გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი – ალექსანდრ ჩეფერინი მესამე ვადით ერთხმად აირჩიეს. არჩევის შემდეგ ჩეფერინმა დელეგატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კობიაშვილს 55 დელეგატიდან მხარი 40-მა დაუჭირა. პრეზიდენტი, ისევე როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, 4 წლის ვადით დაიკავებენ თანამდებობას.
უეფას კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტებმა – ალექსანდრე იაშვილმა და აკაკი ალდაშვილმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 2023 წლის 4 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელად მესამედ აირჩიეს.