თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას გამოსვლის ტრანსლაცია აკრძალა, იუწყება გაეროში ბრიტანეთის წარმომადგენლობა.
ლვოვა-ბელოვა, რომელზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა დაპატიმრების ორდერი (ვლადიმირ პუტინთან ერთად), რუსეთის ინიციატივით მოწვეულ სხდომაზე უკრაინიდან ევაკუირებული ბავშვების თემაზე აპირებდა სიტყვით გამოსვლას.
„მარია ლვოვა-ბელოვა პაუხისმგებელია სამხედრო დანაშაულზე უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაადგილებისთვის. ჩვენ დავბლოკეთ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრის ტრანსლაცია UNTV-ზე. [ბელოვას] არ შეიძლება დაეთმოს გაეროს პლატფორმა დეზინფორმაციის გასავრცელებლად. თუ მარია ლვოვა-ბელოვას საკუთარ მოქმედებებზე საუბარი სურს, მას ამის გაკეთება ჰააგაში შეუძლია“, — ნათქვამია დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.
რუსული მხარე უკვე გამოეხმაურა გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობის განცხადებას. როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, „დასავლეთის ქვეყნებს აშკარად ეშინიათ, რომ ამ თემაზე ბევრი გაიგებს სიმართლეს“.
ამასთან მან პირობა დადო, რომ შეხვედრის სხვა პლატფორმებზე ტრანსლაციის გზებს მონახავს და ლინკებს გამოაქვეყნებს. გარდა ამისა, პოლიანსკი სარკისებრი ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამიერიდან ასევე დაბლოკავს გაეროში მსგავსი შეხვედრების ყველა ვებტრანსლაციას.