თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთბაშად ოთხ წევრს – ქართველ მოსამართლეებს ბრალი დასდეს „მნიშვნელოვან კორუფციაში“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
კერძოდ, სავიზო სანქციები დაუწესდა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.
„აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო – სასამართლო ხელისუფლების მთავარი ხელმძღვანელი ორგანოა და მისი დამოუკიდებლობის გარანტად მიიჩნევა.