თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. 2023 წლის მარტში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0,2% შეადგინა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.
თებერვლის თვეში დეფლაციამ 0,3% შეადგინა.
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საქართველოში უკვე მესამედ ფიქსირდება დეფლაცია – 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფასები 0,3%-ით შემცირდა.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის მარტი 2022 წლის მარტთან შედარებით) 5,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
წელიწადზე გადაანგარიშებით მარტში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (12,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (11,1%), ხოლო ჯანდაცვაზე შემცირდა 8%-ით. სურსათზე ფასები წლიური 11,8%-ით გაიზარდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფლაცია ყველა ქვეყნისთვის იყო და რჩება დიდ პრობლემად.
ფასების ცვლილება ძირითად საკვებ პროდუქტებზე წლის განმავლობაში
© Sputnik
ღარიბაშვილის თქმით, დღეს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკასა და ევროპაში მაღალი ინფლაციაა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი 20-25%, ზოგან 30%-მდეც დაფიქსირდა, მოლდოვაში ინფლაციამ 37% შეადგინა.
„ამ დროს ჩვენმა პატარა ქვეყანამ, ამდენი გამოწვევის მიუხედავად, მოახერხა ის, რომ შარშან ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა 13%. წლის ბოლოს ინფლაცია შევამცირეთ 9%-მდე და ახლა, მარტში ინფლაციის მაჩვენებელი 5,3%-ია, რაც ძალიან დიდი პროგრესია. წინა თვესთან შედარებით ინფლაცია თითქმის 2,8%-ით შემცირდა“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ინფლაციური წნეხის შემცირება, რა თქმა უნდა, ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე და ა.შ.
„დღეს ინფლაცია 5,3%-ის ნიშნულზე გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო. ეს უნდა შევინარჩუნოთ, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, გვჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია და, რაც მთავარია, გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.