თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ერთდროულად ორი კომიტეტის – განათლებისა და მეცნიერების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები აირჩია.
კომიტეტების ხელმძღვანელების ადგილები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 24 მარტს გიორგი ამილახვარისა და ირაკლი კოვზანაძის საპარლამენტო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
ამილახვრის ნაცვლად პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს, ხოლო კოვზანაძის ნაცვლად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს – პაატა კვიჟინაძე.
ორივე კანდიდატს პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ამილახვარს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა მისი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნის გამო.
რაც შეეხება კოვზანაძეს, მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა არანაირ დანიშვნას არ უკავშირდება, მან დაწერა განცხადება და მანდატზე უარი თქვა.