როგორ იყო დაცული ადამიანის უფლებები 2022 წელს საქართველოში - სახალხო დამცველის ანგარიში

Sputnik
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.
სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. 376-გვერდიანი დოკუმენტი 31 თავისა და 2 დანართისგან შედგება. მასში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება და გამოწვევები, ასევე განხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
„უარყოფით მოვლენებს შორის უდავოდ უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტის – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნა, რომელთაც დღესდღეობით გამართული და ეფექტური ფუნქციონირებისთვის არანაირი ინსტიტუციური გარანტიები არ აქვთ. სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია მათი რეორგანიზაცია“, – აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად შემუშავებული წინაპირობები სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებასთან დაკავშირებით. შედეგად, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა მიმდინარეობს და არც სასამართლო კანონმდებლობის დახვეწისა და ხარვეზების აღმოფხვრის პროცესი, ნათქვამია ანგარიშში.
ნეგატიურ მოვლენებს შორისაა ასევე ნახსენები 2022 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მომზადება და მისი შემდგომი ინიცირება.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი ამ მხრივაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს.
„კვლავ გამოწვევად რჩება პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება. არაერთი გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების კრიტერიუმებს, ან იკვეთება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მაგალითად, აშკარა პოლიტიკური ელფერი ჰქონდა ნიკა გვარამიას, ასევე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას“, – უთითებს სახალხო დამცველი ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ბოლო წლებში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ნივთის დაზიანება, თავდასხმა, დევნა, მუქარა, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, სავარაუდო არაკანონიერი მიყურადება.
„გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს აღრმავებს ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში გატარებული ცვლილებებიც, რასაც მედიაორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების სიმრავლეც ადასტურებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
მოხსენების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კვლავ ადგილი ჰქონდა შეკრების უფლების შეზღუდვას. გრძელდებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით. ეს პრაქტიკა 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება და იგი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქ+ პირებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების საქმეზე ჩატარებული გამოძიება. თავის მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, რადგან სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა კონკრეტულ პირთა მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები და მათი პიროვნება.
დემოკრატიული სივრცის შეზღუდვის ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2022 წლის 6 სექტემბერს შეტანილი ცვლილებები (ე.წ. მოსმენების კანონი), რომლითაც საგამოძიებო უწყებებს შესაძლებლობა მიეცათ უფრო ხანგრძლივად ჩაატარონ ფარული საგამოძიებო მოქმედებები, უფრო მეტი დანაშაულის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობისას. ხოლო ფარული მიყურადების კანონმდებლობასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ გამოაქვს გადაწყვეტილება.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაბარება არ შეესაბამება არსებულ საკანონმდებლო წესრიგს.
ანგარიშში საუბარია ასევე პენიტენციურ სისტემაზე. აღნიშნულია, რომ პენიტენციური სისტემა პატიმრების სხვადასხვა მეთოდებით გაჩუმებაზეა ორიენტირებული. ამ მხრივ უმთავრესი პრობლემა სისტემაში არაფორმალური მმართველობაა. დღემდე შეუსრულებელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით.
კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა. ასევე პრობლემურია პატიმრებისათვის სომატურ და ფსიქიატრიულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა პატიმრის გარდაცვალების მიზეზიც გახდეს.
კვლავ გაუმართავია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი, ვინაიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოები ხშირად იდენტური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოება. პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ არის დაფარული.
მეტიც, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ შემოწმებულ პოლიციის დაწესებულებებში კამერების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. ეს ტენდენცია არასათანადო მოპყრობის პრევენციის თვალსაზრისით განსაკუთრებულად საგანგაშო და მკვეთრად უკან გადადგმული ნაბიჯია.
ქვეყანაში დაიწყო ფსიქიატრიული დაწესებულებების და დიდი ზომის ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რაც სახალხო დამცველის წლების განმავლობაში განმეორებადი რეკომენდაცია იყო. ასევე დამტკიცდა 2022-2030 წლების შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა.
თუმცა, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ. აუცილებელია გაიზარდოს სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი, აღნიშნულია დოკუმენტში.
დიდი მოცულობის დაწესებულებების კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია ნინოწმინდის პანსიონის საქმე, რომელიც პანსიონში ბავშვის უფლებათა სისტემურ დარღვევებს, არასრულწლოვანთა მიმართ წლების განმავლობაში დამამცირებელ, არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას შეეხება.
„სამწუხაროდ, გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანი და არსებითი ხარვეზებია. რიგ შემთხვევებში 2016 წელს დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დღემდე გრძელდება და პასუხისგებაში არავინ მიცემულა“, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
გენდერული თანასწორობის კონტექსტში საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გენდერული კვოტირების მოქმედების ვადა 2032 წლის ჩათვლით გახანგრძლივდა. ამოქმედდა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი.
ნეგატიური მოვლენაა, რომ წლებია არ გაუმჯობესებულა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული ვითარება, და არც შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება.
მნიშვნელოვანი გამოწვევაა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები და შშმ ქალებისათვის. ჯერ კიდევ არის შეუსაბამობები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებთან (მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების პრობლემური ჩანაწერი).
კვლავ არ დამტკიცებულა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“.
სიღარიბე, განსაკუთრებით, ბავშვთა სიღარიბე კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და 330.148 შეადგინა. ბავშვთა სიღარიბის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია მისი შემცირების ეფექტიანი მექანიზმი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით კვლავ პრობლემურია ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა, სკოლის პერსონალისა და მშობლების ინფორმირებულობა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით, დასაქმების სირთულეები, დამსაქმებლების მხრიდან სტიგმის შემცველი დამოკიდებულება; სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. მათ შორის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოების საქმიანობა.
კვლავ არ შემუშავებულა უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები.
ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და დაუცველი ჯგუფის – ხანდაზმულთა 36% სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. სამწუხაროდ, მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა, „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის შედეგების განხილვა და გათვალისწინება კვლავ არ მომხდარა.
დღემდე არ შემუშავებულა ე.წ. ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილთა განსახლების სპეციალური წესები. 2022 წლის ბოლოსთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ 35 ობიექტში 716 ოჯახი ცხოვრობს.
საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობა. ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს „გამყოფ“ ხაზზე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 42, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13 პირი დააკავეს. დაფიქსირდა უკანონო „ბორდერიზაციის“ 69 შემთხვევა.
უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი, რის გამოც ორივე რეგიონში ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა. ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელების მიზნით მშობლებს მუდმივი საცხოვრებლის დატოვება და შვილების საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა უწევთ.
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის რთულია განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა, მათი სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროპორციული და თანასწორი ჩართულობა და სხვ.
საქართველოს სახალხო დამცველი წლებია მოუწოდებს სახელმწიფოს დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და თანასწორუფლებიანობის მისაღწევად ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტის შექმნისკენ. თუმცა, არათუ ერთიანი დოკუმენტი, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებული.
პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევას წარმოადგენს ექთნების დეფიციტი, ძველი ინფრასტრუქტურა, სუსტი კავშირები სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის, ასევე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დაფინანსების გართულებული და ფრაგმენტული სისტემა.
მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის აპარატის აქტივობების შედეგად 2022 წლის 2 მაისიდან ქვეყნის მაღალმთიან მუნიციპალურ საავადმყოფოებში ამოქმედდა „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა“ და ბენეფიციარები სათანადო მომსახურებით არიან უზრუნველყოფილი.
საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა. მოამზადა 24 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 21 კონსტიტუციური სარჩელი, 20 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, 1 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის და 5 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. ათობით ვიზიტები განახორციელა სხვადასხვა დაწესებულებებში უფლებადარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის მიზნით.