თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 13 ათასი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს, აგრეთვე 340 თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა IQOS, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 120 ფაქტი გამოავლინეს. კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.
71 ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა. 4 ფაქტზე საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. 45 ფაქტი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად ჩაითვალა და ამოღების ოქმები შედგა.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 45 ფაქტი გამოვლინდა.