ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტებს პირდაპირ მწარმოებლებისგან შეისყიდის

მარტში ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი ოთხჯერ გაძვირდა.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოდაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს უშუალოდ მწარმოებლებთან აწარმოებს, განაცხადა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე.
ჯანდაცვის სამინისტრომ მარტში ფარმაცევტული კომპანიები დაადანაშაულა ონკოდაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასის ხელოვნურად გაზრდაში, რომელსაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. საქართველოს ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციამ, თავის მხრივ, ეს თურქეთში შესყიდვის ფასის ზრდას დაუკავშირა.

„გიდასტურებთ, რომ დაწყებული გვაქვს პირდაპირი შესყიდვის მოლაპარაკებები პირდაპირ მწარმოებლებთან. ერთ მხარეს იქნება მწარმოებელი კომპანია, მეორე მხარეს – სამინისტრო და აქაც დამატებითი ფასდაკლების, შეღავათიანი ფასის პირობებში შევძლებთ იმას, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს ერთი წლის მანძილზე საჭირო მედიკამენტები დავუფინანსოთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

დღეისათვის ერთი ონკოპაციენტის მკურნალობაზე სახელმწიფო ყოველწლიურად 25 ათას ლარს გამოყოფს. ჯანდაცვის უწყება ამ ლიმიტის გაუქმებას გეგმავს მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ შესაბამის მედიკამენტებზე ფასები სამართლიანად არის დადგენილი.
მედიკამენტების ხელოვნური გაძვირების ფაქტები საქართველოში პირველად თებერვალში დაფიქსირდა. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებზე ფასების ხელოვნურ ზრდას „ჰოლდინგების შეთქმულება" უწოდა და პირობა დადო, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება.
ფასები მედიკამენტებზე
სახელმწიფომ მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა, რაც ნიშნავს, რომ განისაზღვრა წამლის ფასის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთ წამლის გაყიდვა არ შეიძლება.
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
ფასები ონკოდაავადებულების წამლებზე უსაფუძვლოდ გაზარდეს - ჯანდაცვის სამინისტრო>>>
ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ახალი წესების დამრღვევი 15 მარტამდე გაფრთხილებას იღებდა, ახლა კი მას 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.
ამ ეტაპზე ზღვრული ფასები 1,1 ათასზე მეტ წამალზე უკვე ამოქმედდა. ეს სია თანდათანობით ივსება.