ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი აჭარაში აშენდება

ჩირუხის მთაზე ზიპლაინის და ტურისტული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 10 მილიონი ლარი.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ჩირუხის მთაზე მოეწყობა, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ჩირუხის მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა.
ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი აჭარაში აშენდება
უწყების ცნობით, მასშტაბური ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 1.752 მეტრი სიგრძის ზიპლაინი „არწივის ბუდის“ დიზაინით აშენდება და მას ხეობაზე პანორამული ხედი ექნება.
ზედა სადგური ზღვის დონიდან 2.496 მეტრ სიმაღლეზე დაიდგმება.
ზიპლაინის ქვედა სადგურში ვიზიტორთა ცენტრი განთავსდება. შენობაში კაფეტერია და ტერასა იქნება. ორივე სადგურთან პარკინგი, ველოსადგომები და შესაბამისი განათებები მოეწყობა. ობიექტის ფართობი დაახლოებით 3,5 ათას ჰექტარს მოიცავს.
ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი აჭარაში აშენდება
ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტის ღირებულება 9,5 მლნ ლარს შეადგენს. ზიპლაინის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 2 ოქტომბრამდე უნდა განხორციელდეს.
წინადადებების მიღება 2023 წლის 28 აპრილს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება. ტენდერთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.