კობახიძე: ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 2023 წლის ბოლოს ელოდება.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, ოპოზიცია კი ამის წინააღმდეგია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ზურაბიშვილი>>>
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პირიქით მოხდეს. უფრო მეტიც, ისინი ელოდებიან, რომ დეკემბერში არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, რათა ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ, „ცუდი გამოცდილების“ გათვალისწინებით, თავს შეიკავებს პროგნოზებისგან იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ჩვენ უკვე გვაქვს ცუდი გამოცდილება გასული ივნისიდან, როდესაც ქვეყანას უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედი მაქვს, დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი“, – აღნიშნა კობახიძემ.
2022 წლის ივნისში, საქართველოსგანგანსხვავებით, კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.