თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ქართული ხორბლის ექსპორტზე აკრძალვა ვადაზე ადრე მოიხსნება თვითუზრუნველყოფისა და სასურსათო უსაფრთხოების რისკების არარსებობის პირობებში, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე დღეში ხორბლის ექსპორტის შეზღუდვა მოვხსნათ... ქვეყანაში არსებობს დაახლოებით 2-3 თვის როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მარაგი. ხოლო 3 თვის შემდეგ ჩვენ უკვე ახალ მოსავალს ველოდებით“, - განაცხადა შამუგიამ.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ფერმერებს თავისუფალ სავაჭრო სივრცეში ხორბლის გაყიდვაში დაეხმარება.
მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამის განკარგულებაზე მუშაობა ხვალიდან დაიწყება.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლის გადაწყვეტილება აკრძალვის შესახებ სასურსათო რისკების გათვალისწინებით გამართლებული იყო.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10-15%-ია ადგილობრივი წარმოების, თუმცა ხელისუფლება უახლოეს წლებში ამ მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას გეგმავს. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანია.