თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში საპროტესტო აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმას კატეგორიულად მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ კონკრეტული პირები უნდა დაისაჯონ.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„რა თქმა უნდა, მიუღებელია ის, რაც მოხდა. ყოველივე ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველა, ვისაც ბრალი ედება პოლიციელებზე თავდასხმაში, უნდა დაისაჯოს", – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმა ამასთან დაკავშირებით გაიხსენა 2021 წლის იანვარში აშშ-ის კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის შემთხვევა. მისი თქმით, მაშინ ადგილზე ლიკვიდირებულ იქნა ოთხი ადამიანი, რამდენიმე ასეული კი ციხეში ჩასვეს.
„თურმე, ჩვენთვის ნორმაა ამ ანარქისტების შენობაში შეშვება, თურმე, ნორმაა პოლიციისთვის ცეცხლის გახსნა „მოლოტოვის კოქტეილებით“ და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს. ჩვენ არავინ არ უნდა დავიჭიროთ, არავინ დავსაჯოთ და ამ ქაოსის დამთესავ ანარქისტებს, ქვეყნის მტრებს, ქვეყანაში უწესრიგობის შემოტანის საშუალება მივცეთ. რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ევროპაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, იქ უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობს. საქართველოში კი პოლიციამ ოპერაცია ისე ჩაატარა, რომ რეალურად არავინ დაშავებულა, ხაზგასმით აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვიმოქმედეთ. დღეს კი გვეუბნებიან, რომ როცა ზოგიერთი ანარქისტი პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილს“ და ქვებს ესვრის, ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – კანონი ყველას მიმართ აღსრულდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, კანონის აღსრულება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს.
„ჩვენ უსამართლოდ არავის დავსჯით. არავინ დაგვისჯია და არავინ იქნება დასჯილი", – აღნიშნა პრემიერმა.
მარტის ბოლოს შსს-მ 7–9 მარტის საპროტესტო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტზე 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 21 წლის მამაკაცმა მიმდინარე წლის 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დამწვრობა მიიღო ორმა პოლიციელმა. მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგოლიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
დაკავებულს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გრიგოლიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.