ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს მთავრდება

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge. რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება:
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ (3 აპრილი) აბიტურიენტები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. 3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტს აღარ ექნება უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი).
რეგისტრაციის მეორე ტაპზე (13 აპრილის18:00 საათამდე) აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს ჩასაბარებელი საგანი (წაშალოს, დაამატოს), გამოცდის ენა, ან აირჩიოს კონკურსი (შემოქმედებითი ტური).
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.
საგამოცდო ცენტრის ცნობით, აბიტურიენტებისთვის შექმნილია სპეციალური „ცნობარი“. შესაბამის ცხრილში მოცემულია ინფორმაცია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, თითოეული გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების, სწავლის საფასურის შესახებ.
ცნობარი ასევე შეიცავს გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: რეგისტრაციის გავლის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის, გამოცდების პროცესის, პუბლიკაციების შედეგების, აპელაციის წესისა და სახელმწიფო დაფინანსების მიღების წესების შესახებ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს 27 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. საგამოცდო ცენტრები გახსნილი იქნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება.