ქართველი პიანისტის ტრიუმფი ისრაელში: გიორგი გიგაშვილმა სამშობლოში ცხრა ჯილდო ჩამოიტანა

ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსმა თელ-ავივში ყველაზე მეტი ჯილდო და ოვაცია დაიმსახურა
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ქართველმა ვირტუოზმა პიანისტმა, 22 წლის გიორგი გიგაშვილმა არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა მე-17 საერთაშორისო კონკურსზე ფურორი მოახდინა - საპრიზო ადგილის გარდა, მან კიდევ რვა სპეციალური ჯილდო მოიპოვა.
გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა მე-17 საერთაშორისო კონკურსზე
ფინალში გიგაშვილის მიერ მოპოვებულ პრიზებს შორისაა: ახალგაზრდული ჟიურის პრიზი, პრიზი კამერული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის, ონლაინ კენჭისყრაში მაყურებელთა სიმპათიის პრიზი, ასევე მნიშვნელოვანი ჯილდო - ისრაელის მშვიდობის მედალი.
გიორგი გიგაშვილი
დანარჩენი ოთხი სპეციალური პრიზი დაწესდა და გადაეცა ქართველ მუსიკოსს ისრაელის სხვადასხვა ქალაქის კულტურული ორგანიზაციის მიერ. გარდა ვერცხლის მედლისა, გიგაშვილს 20 ათასი დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდოც ერგო.
გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა მე-17 საერთაშორისო კონკურსზე
კონკურსის პირველ ეტაპზე 39 პიანისტი შეირჩა, რის შემდეგაც მეორე ეტაპზე მხოლოდ 16 მათგანი გადავიდა, მათ შორის – გიგაშვილი. ის ერთადერთი ფინალისტი იყო, რომელსაც გამოსვლის შემდეგ ფეხზე წამომდგარი მსმენელი დარბაზში ტაშს უკრავდა რამდენიმე წუთის განმავლობაში.
გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა მე-17 საერთაშორისო კონკურსზე
გიგაშვილი მესამე ქართველი პიანისტია, რომელიც რუბინშტეინის სახელობის კონკურსის გამარჯვებულთა რიცხვშია. 1995 წელს ალექსანდრე კორსანტიამ პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 2008 წელს ხატია ბუნიათიშვილმა – მესამე.
წელს კონკურსზე პირველი ადგილი 18 წლის კანადელმა კევინ ჩენმა დაიკავა. მან ფინალში ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. მესამე ადგილზე იაპონელი იუკინე კუროკი გავიდა, რომელმაც ფერენც ლისტის პირველი კონცერტი შეასრულა.
გიორგი გიგაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი პიანისტია. წარმატებით მართავს კონცერტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ – აშშ-ში, პოლონეთში, ესპანეთში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. გიორგი თანამშრომლობს კამერულ ანსამბლებთან და ორკესტრებთან, ასევე მონაწილეობს ფესტივალებსა და მასტერ-კლასებში მთელ მსოფლიოში.
2019 წელს გიგაშვილი მუსიკალური ხელოვნების ნომინაციაში წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა.
არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი 1974 წლიდან თელ-ავივში ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს კონკურსი 14-დან 31 მარტამდე პერიოდში გაიმართა.