თბილისი, 31 მარტი — Sputnik. კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (UOC-MP) სარჩელი კიევ-პეჩორის ლავრის მიმართ, ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
UOC-MP თავისი სარჩელით იმ გადაწყვეტილების გაბათილებას მოითხოვდა, რომლითაც მას ლავრით სარგებლობაზე იჯარის უფლება შეუჩერდა.
მანამდე, მარტის დასაწყისში კიევ-პეჩორის ლავრის ნაკრძალის დირექტორატმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან უვადო იჯარა შეწყვიტა და ბერებს მონასტრის 29 მარტამდე დატოვება უბრძანა.
თუმცა კიევ-პეჩორის ლავრის ობიექტების მიღება-ჩაბარების კომისიის წევრები, რომლებიც 30 მარტს მივიდნენ ლავრაში შესაბამისი სამუშაოს განსახორციელებლად, UOC-MP-ის მრევლმა მონასტერში არ შეუშვა. კომისიამ ისე დატოვა ტერიტორია, რომ მუშაობა ვერ დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით UOC-MP-ს წინამძღვარმა განაცხადა, რომ კომისიას მანამ არ შეუშვებენ ლავრის ტერიტორიაზე, სანამ სასამართლო მათ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
კრემლში კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ზეწოლად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მღვდელმსახურებს ლავრიდან გააძევებენ, რუსეთი მათი „შემდგომი ბედის მიმართ გულგრილი არ დარჩება“.