თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ანტიკორუფციული ბიურო, მათ შორის, ფინანსური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი უწყების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
12-პუნქტიანი გეგმის მეოთხე რეკომენდაცია გულისხმობს ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, აღნიშნა პრემიერმა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ანტიკორუფციული ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც. ანტიკორუფციული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატებს დამოუკიდებელი კომისია არჩევდა, რომელშიც სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შევიდნენ.
„ამ კომისიის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების სიიდან დაინიშნა ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები", – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას. მისი თქმით, ბიუროს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ძლიერი კოორდინაციით.
„ბიუროს გააჩნია ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობისა და სათანადო რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება. ბიუროს მიერ გაცემული რეკომენდაციები იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი მექანიზმი", – განაცხადა პრემიერმა.
მოხარული ვართ, რომ ანტიკორუფციული ბიურო კორუფციასთან ბრძოლაში იმ დროს ერთვება, როდესაც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ, როგორც ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის საქმეში, განაცხადა, თავის მხრივ, რაჟდენ კუპრაშვილმა. მისი თქმით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის 14 ქვეყანას და ნატოს წევრ 11 ქვეყანას.
„კორუფცია ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია თანამედროვე დემოკრატიის განვითარებისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის, შესაბამისად, ადამიანს კორუფციის პირობებში უჩნდება უნდობლობა საჯარო სექტორის მიმართ. ამგვარად, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა", – განაცხადა კუპრაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა ანტიკორუფციული ბიუროს წესდება. მანამდე შესწავლილი იყო ევროპის საუკეთესო გამოცდილება, ასევე რეკომენდაციები, რომლითაც ფასდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროები, და ქართული ანტიკორუფციული ბიუროს წესდება სწორედ ამ კონცეფციაზეა აგებული, განაცხადა მან.
„ის პასუხობს ყველა საერთაშორისო ნორმას და კონვენციის ვალდებულებებს", – განაცხადა კუპრაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიურო სრულიად ახალი სტრუქტურაა, რომელმაც დამოუკიდებლად უნდა განახორციელოს თავისი საქმიანობა. ის ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.