საეკლესიო კალენდარი: 31 მარტი

31 მარტს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: წმ. კირილესი, იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსისა (386); მოწამეთა: ტროფიმესი და ევკარპიოსისა (დაახ. 300); ღირსისა ანინე მონოზონისა.
Sputnik
Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა წვლილი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.
წმიდა კირილე იერუსალიმელი
იერუსალიმში დაიბადა 315 წელს. მკაცრი ქრისტიანული ღვთისმოსაობით აღზრდილი კირილე მონაზვნად აღეკვეცა, ხოლო 346 წელს პრესვიტერად აკურთხეს. 350 წელს გარდაიცვალა არქიეპისკოპოსი მაქსიმე. იერუსალიმის პატრიარქის ხარისხში მყოფი კირილე მხნედ იბრძოდა არიოზისა და მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ. ამით არიოზის მიმდევარი ეპისკოპოსების რისხვა დაიმსახურა. არიანელებმა მოახერხეს კირილეს ტახტიდან ჩამოგდება და იერუსალიმიდან გაძევება.
351 წლის სულთმოფენობის დღეს იერუსალიმში ღვთიური გამოცხადება მოხდა: ცაზე გამოჩნდა ბრწყინვალე ჯვარი, რომელიც გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო განრთხმული. კირილემ ამ გამოცხადების შესახებ შეატყობინა არიანელ იმპერატორ კონსტანცის (351-363) და ეცადა მის მოქცევას მართლმადიდებლობაზე.
საეკლესიო კალენდარი: 30 მარტი
381 წელს წმიდა კირილე მონაწილეობა მიიღო II მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელმაც დაგმო მაკედონიუსის ერესი და ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო დაამტკიცა.
წმიდა კირილეს თხზულებებიდან განსაკუთრებით ცნობილია 23 სწავლება და ორი საუბარი სახარებისეულ თემებზე: „განღრვეულისათვის“ და „წყლის ღვინოდ გადაქცევისათვის კანას გალილეაში“.
წმიდა კირილე გარდაიცვალა 386 წელს.
ღირსი ანინე ხუცესი
დაიბადა ქალკედონში, ქრისტიანულ ოჯახში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ 15 წლის ანინემ დატოვა ოჯახი, მონასტერში დასახლდა და ბერად აღიკვეცა. სრული განმარტოებისათვის ის უდაბნოში წავიდა, იქ, სადაც ევფრატი სირიას ჰყოფს სპარსეთისაგან. უდაბნოში ანინე შეხვდა ბერ მაიუმს. ორივე მოღვაწე ძალზე მკაცრ ცხოვრებას ეწეოდა. მთელი დიდმარხვის განმავლობაში არაფერს ჭამდნენ.
წმიდა ანინეს ყოველდღე შორიდან მოჰქონდა სასმელი წყალი. ერთხელ ის დროზე ადრე დაბრუნდა სავსე ჭურჭლით, რადგან ანგელოზმა სასწაულებრივ გაუვსო დოქები. ბერი მაიუმი მიხვდა, რომ მისმა მოწაფემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სთხოვა, მისი მოძღვარი გამხდარიყო. ანინემ სიმდაბლის გამო უარი განაცხადა. ამის შემდეგ ბერი მაიუმი მონასტერში დაბრუნდა, ანინე კი უდაბნოში დარჩა.
საეკლესიო კალენდარი: 29 მარტი
წმიდა მოწამენი, ტროფიმე და ევკარპი
ნიკომიდიაში მსახურობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს და აღასრულებენ იმპერატორის განკარგულებებს. ერთხელ, როცა ისინი ქრისტიანებს ეძებდნენ, იხილეს ზეცით გარდამოსული ცეცხლოვანი ღრუბელი, საიდანაც გაისმა ხმა: „რაისთვის დევნით ჩემთა მონათა? ნუ იყოფინ! უმჯობეს არს თქვენდა, თანამზრახველ ექმნათ მათ, რათა მოიპოვოთ სასუფეველი ცათა“. მეომრები ძრწოლით დაეცნენ და წამოიძახეს: „ჭეშმარიტად დიდ არს უფალი, რომელიც გამოგვიჩნდა ჩვენ, ნეტარ ვიქმნებით, უკეთუ შევუდგეთ მას“. ზეცით კვლავ გაისმა: „აღდეგინ, შეინანეთ და მოგეტევოთ ცოდვანი თქვენნი“. მეომრებმა თავი ასწიეს და ცეცხლოვან ღრუბელში ბრწყინვალე არსება იხილეს. ზარდაცემულებმა კვლავ შეჰღაღადეს უფალს: „მიიღე სულნი ჩვენი, რამეთუ ბოროტ და გამოუთქმელ არიან ცოდვანი ჩვენი. არა არს სხვა ღმერთი, თვინიერ შენსა, ჭეშმარიტისა და ერთადერთისა ღვთისა“. როგორც კი ეს წარმოთქვეს, ღრუბელი ზეცად ამაღლდა. ამ სასწაულის შემდეგ სულიერად გარდაქმნილმა ტროფიმემ და ევკარპიმ საპყრობილიდან გაანთავისუფლეს ყველა ქრისტიანი. მეომრები შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. მოწამენი ადიდებდნენ უფალს და ევედრებოდნენ, მიეტევებინა მათთვის საშინელი ცოდვები.
წამების შემდეგ წმიდანები მშვიდად ავიდნენ კოცონზე და უფალს მიაბარეს სული.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით