მსოფლიო დღეს

„წვერებით არავის ვითრევთ“: დანილოვი ლავრიდან ბერების მშვიდად გამოსახლების პირობას დებს

Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სახელმწიფოს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს და კიევ-პეჩორის ლავრიდან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მღვდელმსახურები უნდა გამოსახლდნენ, მიაჩნია უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ოლექსი დანილოვს.
მისი თქმით, ქვეყნის გადაწყვეტილება შესრულდება კანონიერად და მშვიდად, ძალის გამოყენების გარეშე.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამას არ გავაკეთებთ ფიზიკურად, წვერებით არავის ვითრევთ, ეს ჩვენი ტაქტიკა არ არის. ქვეყნის გადაწყვეტილება შესრულდება მშვიდად და ნაკრძალი სახელმწიფოს ხელში გადავა. <...> ყველაფერი კანონიერად შესრულდება, ლავრა გაიწმინდება იმ ხალხისგან, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არიან“, — განაცხადა დანილოვმა.

მანამდე, მარტის დასაწყისში კიევ-პეჩორის ლავრის ნაკრძალის დირექტორატმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან (UOC-MP) უვადო იჯარა შეწყვიტა და ბერებს მონასტრის 29 მარტამდე დატოვება უბრძანა. თუმცა, კიევ-პეჩორის ლავრის ობიექტების მიღება-ჩაბარების კომისიის წევრები, რომლებიც 30 მარტს მივიდნენ ლავრაში შესაბამისი სამუშაოს განსახორციელებლად, UOC-MP-ის მრევლმა მონასტერში არ შეუშვა. კომისიამ ისე დატოვა ტერიტორია, რომ მუშაობა ვერ დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით UOC-MP-ს წინამძღვარმა განაცხადა, რომ კომისიას მანამ არ შეუშვებენ ლავრის ტერიტორიაზე, სანამ სასამართლო მათ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
კიევის სასამართლომ უკვე განიხილა UOC-MP-ის სარჩელი იჯარის შეწყვეტის გაბათილების შესახებ და უარი უთხრა მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
კრემლში კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ზეწოლად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მღვდელმსახურებს ლავრიდან გააძევებენ, რუსეთი მათი „შემდგომი ბედის მიმართ გულგრილი არ დარჩება“.