„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი შესაძლოა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდეს

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საკითხს საპარლამენტო უმრავლესობაში განიხილავენ და გადაწყვეტილებაც ამის საფუძველზე იქნება მიღებული.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნაკლებ მოტივაციას გვაძლევს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურის მხარდასაჭერად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
დეპუტატებს ახალი ვიცე-სპიკერის არჩევა ოპოზიციის რიგებიდან მოუწევთ. ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სახალხო დამცველის პოსტი პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა დაიკავა. თავის დროზე იოსელიანი სწორედ ოპოზიციის კვოტით გახდა ვიცე-სპიკერი.

„ზოგადად, „ნაცმოძრაობა“ მთლიანად არის დაკავებული პოლარიზაციის გაღვივებით. ასეთ პირობებში რამდენად იქნება საპარლამენტო უმრავლესობა მოტივირებული, რომ მხარი დაუჭიროს რომელიმე კანდიდატურას ვიცე-სპიკერის პოსტზე, არ ვიცი", – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საკითხს საპარლამენტო უმრავლესობაში განიხილავენ და გადაწყვეტილებაც ამის საფუძველზე იქნება მიღებული.
„თუმცა „ნაცმოძრაობა“ ნაკლებად გვაძლევს მოტივაციას, რომ მათ კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი", – განაცხადა კობახიძემ.
იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ვიცე-სპიკერის პოსტზე აირჩევენ, მას ექნება პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის წინაშეც, განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

„იმ ფონზე, რაც დღემდე გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობიდან", ეს ნამდვილად არ იყო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა აქუბარდიამ.

აღნიშნულ პოსტზე კანდიდატის დასახელების უფლება პირველ რიგში აქვს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ ფრაქციას. თუ შესაბამისი ფრაქცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე არ წარადგენს კანდიდატს, მისი დასახელების უფლება მიენიჭება საპარლამენტო ოპოზიციის იმ ფრაქციას, რომელსაც სხვა ფრაქციებზე მეტი დეპუტატი ჰყავს.
ფრაქციის წევრების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციებიდან ყველაზე მეტი დეპუტატი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს.