თბილისი, 31 მარტი – Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩაკეტვისა და ალტერნატიულ მარშრუტზე არსებული პრობლემების გამო, საბაჟო დეპარტამენტმა თურქეთის მიმართულებით და პირიქით მოძრავ სატრანსოპრტო საშუალებებს ალტერნატიული საბაჟოები შესთავაზა, ნათქვამია საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზა არის მთავარი გზა საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის. ტრანსპორტის ძირითადი ნაკადი „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტისკენ სწორედ რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილდება, რომელიც მეწყრული პროცესების გამო დაიკეტა.სამშენებლო სამუშაოების გამო პრობლემა გაჩნდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ალტერნატიულ გზაზეც.
„გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, თურქეთის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელებისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შეთავაზებული იქნა „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ალტერნატიული მარშრუტი საბაჟო გამშვები პუნქტების, „კარწახისა“ და „ვალეს“ გავლით“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.