თბილისი, 30 მარტი — Sputnik. გერმანიის ფედერალური მთავრობა ქვეყანაში მუშახელის დეფიციტის ფონზე არსებულ საიმიგრაციო პოლიტიკას გაამარტივებს, იუწყება „დოიჩე ველე“.
კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან კვალიფიციური სპეციალისტების გერმანიაში შესვლას შეუწყობს ხელს, გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა ოთხშაბათს, 29 მარტს დაამტკიცა. ახლა დოკუმენტი ბუნდესტაგმა (გერმანიის პარლამენტი) და ბუნდესრატმა (ფედერალურ მიწათა წარმომადგენლობა) უნდა მიიღონ.
დოკუმენტი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა და შრომის მინისტრმა ჰუბერტუს ჰეილმა მოამზადეს, სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებს ახალი „შესაძლებლობის რუკის“ (Chancenkarte) დანერგვას ქულების სისტემით.
კრიტერიუმები, რომლებიც ქულების გამოთვლისას იქნება გათვალისწინებული, მოიცავს პირის კვალიფიკაციას, გერმანული ენის ცოდნას, პროფესიულ გამოცდილებას, გერმანიასთან კავშირს (მაგალითად, ქვეყანაში უკვე მცხოვრები ნათესავები) და ასაკს.
ჰუბერტუს ჰეილის განმარტებით, „შესაძლებლობის რუკის“ მისაღებად საკმარისი იქნება სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილება.
აღნიშნული „რუკა“ პირს ერთ წელს აძლევს გერმანიაში სამუშაოს მოსაძებნად. ამ ხნის განმავლობაში, იმისათვის, რომ საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყოფა შეძლოს, პირს უფლება ექნება, დროებით სამუშაოებზე დასაქმდეს.
ამასთან გამოცემა ჩამოთვლის, თუ რომელ პროფესიებზეა დღეისათვის გერმანიაში ყველაზე მაღალი მოთხოვნა.
მათ შორის არიან:
ლითონის სპეციალისტები: ლითონკონსტრუქციების ტექნოლოგ-მემონტაჟეები და შემდუღებლები;
ელექტრონული ავტომატიზაციის პროფესიონალები: ელექტრონიკის სპეციალისტები და სამრეწველო ტექნოლოგები;
მშენებლები: სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველები, გრანიტისა და პარკეტის დამგებები, ქვისმთლელები, დურგლები, სახურავის ხელოსნები, ჟალუზების დამმონტაჟებლები; ასევე არხებისა და გვირაბების მშენებლები, ასფალტისა და რელსების დამგებები;
სანტექნიკა, გათბობა, ვენტილაცია: სანტექნიკოსები, გათბობისა და კონდიცირების სისტემების სპეციალისტები, სამაცივრე დანადგარების ელექტრონული ავტომატიზაციის სისტემების სპეციალისტები, ბუხრებისა და ღუმელების სპეციალისტები, მეთუნუქეები და წყალსადენების სპეციალისტები;
ტრანსპორტის სფერო: სატვირთო ავტომობილების მძღოლები, ძარის ხელოსნები, სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ტექნიკოსები, სატვირთო ავტომშენებლობაში ლითონკონსტრუქციების სპეციალისტები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მექანიკოსები;
მედიცინა: მედდები, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, ინტენსიური თერაპიის, გერიატრიის, ონკოლოგიის, ნეფროლოგიის, პალიატიური მედიცინისა და რეაბილიტაციის ექთნები, მეან-გინეკოლოგები, ფიზიოთერაპევტები, პედიატრები, ორთოპედიული პროთეზების, სარეაბილიტაციო და სასმენი ტექნიკის დამზადების სპეციალისტები;
ინფოკომუნიკაციები და IT: ელექტრონიკისა და კავშირის სპეციალისტები, საინფორმაციო სისტემების სპეციალისტები, ტექნიკოს-ელექტრიკოსები, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები.
ამასთან აღინიშნება, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან პროფესიული განათლების მქონე პირებმა დიპლომები გერმანიაში უნდა დაამოწმონ და დამსაქმებლები თავად უნდა მოძებნონ.
ახალი კანონპროექტი არის კანონების პაკეტის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც გერმანიის მმართველი კოალიცია ცდილობს კანონმდებლობის მოდერნიზაცია მოახდინოს იმიგრაციის, ბინადრობის ნებართვის გაფორმებისა და მოქალაქეობის მინიჭების სფეროებში. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან კვალიფიციური მუშაკების იმიგრაცია დაახლოებით 60.000 ადამიანით გაიზრდება წელიწადში, რაც თითქმის ორჯერ გადააჭარბებს 2019 წლის მაჩვენებელს.
წყარო: „დოიჩე ველე“