სემეკმა GWP 75 ათასი ლარით დააჯარიმა

დაჯარიმების საფუძველს სალიცენზიო პირობების დარღვევა წარმოადგენს, განმარტეს კომისიაში.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომისია განმარტავს, რომ დაჯარიმების საფუძველია სალიცენზიო პირობების დარღვევა.
კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სემეკს მიმართა წერილით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გასული წლის 8 აპრილს ოსიაურის ქუჩაზე წყალსადენის ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია გზის დამჭერი საყრდენი კედლის ჩამოშლა, რის შედეგადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, ელექტროგადამცემი ხაზები და მწვანე ნარგავები.
ჩუღურეთის გამგეობა აცხადებს, რომ მიუხედავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაუყოვნებლივი კომუნიკაციისა, პრობლემა არ აღმოიფხვრა.
წყალმომარაგების კომპანიამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ ოსიაურის ქუჩაზე სამუშაოების განხორციელების მიზნით 2022 წელს ჩატარდა 8 ტენდერი, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ტენდერში მონაწილეთა მიერ ნორმირებულზე მაღალი ფასების დასახელება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის შეფასებით, GWP-მ არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები, რის გამოც ოსიაურის ქუჩაზე უსაფრთხოების ნორმები დაირღვა.
ამიტომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაეკისრა ჯარიმა და დაევალა, უზრუნველყოს ოსიაურის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.