ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს პლაკატების გაკვრაში გაეჯიბრნენ

თბილისის ქუჩებში გაჩნდა პლაკატები ბრალდებებით როგორც მმართველ ძალის, ასევე ოპოზიციის წინააღმდეგ.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. თბილისის ქუჩებში ნამდვილი პლაკატების ომი გაჩაღდა და ოპოზიციასა და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთბრალდებების საგანიც გახდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ოთხშაბათს დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე გაჩნდა პლაკატები, სადაც გამოსახული იყო საპარლამენტო უმრავლესობის 78 დეპუტატი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას, რამაც თბილისში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. პლაკატებზე იყო წარწერები „საქართველოს სირცხვილი“ და „საქართველოს მოღალატე".
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე პლაკატების ფოტოები გაიზიარა და აღნიშნა, რომ ეს არის ხალხის შესაბამისი რეაქცია ღალატზე.
პლაკატები მმართველი პარტიის წევრების წინააღმდეგ
პასუხმა, თანაც უფრო მასშტაბურმა, არ დააყოვნა – მეორე დილით დედაქალაქის ქუჩებში, მეტროს სადგურებთან, მიწისქვეშა გადასასვლელებში გამოჩნდა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ამსახველი პლაკატები. პლაკატებზე წარწერებია „მოღალატე-ჯაშუშები“ და „ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები“.

ოპოზიციის რეაქცია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინვე დაინახა ამაში „ქართული ოცნების“ ხელი და მმართველი პარტია სიძულვილის ენის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
პლაკატები მიწისქვეშა გადასასვლელში

„აგონიაში მყოფმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კვლავ მიუბრუნდეს თავის ხელწერას და ისევ დაპირისპირებას ცდილობენ გააღვივონ საზოგადოებაში, რაც მათ არ გამოუვათ, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა კარგად ხვდება, ვინ ვინ არის“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ.

პლაკატები მიწისქვეშა გადასასვლელში
პლაკატებზე გამოსახული არიან: ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის" დირექტორი ეკა გიგაური.

„ოცნების“ პასუხი

თავიანთი სიძულვილის ენა სიყვარულის ენად მიაჩნიათ და, როგორც ჩანს, პრეტენზიას გამოთქვამენ, როცა ამაზე სხვები რეაგირებენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„გუშინ სიყვარულის ენის შემცველი (პლაკატები) იყო, დღეს „სიძულვილის ენის“ შემცველია... ორმაგი სტანდარტია აქაც, როგორც სხვა საქმეში. რა თქმა უნდა, ზოგადად ცუდია რაღაც იარლიყების მიკერება“, – განაცხადა მდინარაძემ.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრა იყო „რეაქცია გუშინდელ იმ მარაზმზე, რაც „ნაცმოძრაობის“ წევრებმა იკადრეს“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია დაადანაშაულა იმაში, რომ ის აგრესიულ რიტორიკას ახალისებს.

„აგრესიული რიტორიკა პოლარიზაციას ხელს არ უწყობს, თუმცა ნახეთ, რომ ამ შემთხვევაში ინიციატორი იყო ოპოზიცია. თვითონ ხაბეიშვილი ამაყობდა იმ პლაკატებით, რომელიც მათ გამოაკრეს თბილისის ქუჩებში. პოლარიზაციის ინიციატორები ყოველთვის არიან სწორედ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც ძალიან ცუდი და სამწუხაროა“, – განაცხადა კობახიძემ.

კანონპროექტი, როგორც ხელისუფლების დამხობის საბაბი

გასულ კვირაში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების დამხობის ბოლო მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ომში ჩართვას, 2023 წლის 7-8 მარტს მოხდა.
იმ დღეებში მომიტინგეებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე, რომლის წინააღმდეგაც გამოვიდა ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, ზოგიერთი დასავლური პარტნიორი ქვეყნის ლიდერი.
საპროტესტო აქციები უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ: შსს-მ ერთი პირი დააკავა >>
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, ემოქმედათ კანონის ფარგლებში, მაგრამ როცა პროტესტმა აგრესიული სახე მიიღო, გამოიყენეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მინები ჩაამსხვრიეს, დაწვეს მანქანები, სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.
ვითარების განმუხტვა მოხერხდა მხოლოდ 9 მარტს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოფიციალურად უარი თქვა უცხოური აგენტების შესახებ რაიმე კანონის მიღებაზე.
უკვე 10 მარტს პარლამენტმა დაჩქარებული წესით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ხოლო კანონპროექტის მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც პლენარულ სხდომაზე არც განხილულა, ინიციატორებმა უკან გაიწვიეს.
ორივე ვარიანტი იყო ინიცირებული „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომლებმაც ცალკე შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არ დატოვეს.