თბილისი, 30 მარტი – Sputnik. იტალიის ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო კლუბი, ტურინის „იუვენტუსი“ წალენჯიხაში ბავშვთა აკადემიას ხსნის, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამის შესახებ პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, პროექტის ინვესტორმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი თვე გაგრძელდა. კონტრაქტის მიხედვით, კლუბის წარმომადგენლები ყოველთვიურად ჩამოვლენ წალენჯიხაში და ახალგაზრდა ფეხბურთელებს დააკვირდებიან. მეგრელ თინეიჯერებს როგორც ქართველი, ასევე ტურინელი სპეციალისტები მოამზადებენ.
„რაც ყველაზე სასიხარულოა, წალენჯიხელ და არა მარტო წალენჯიხელ ბავშვებს მიეცემათ საშუალება, ძალიან დიდ ფეხბურთს ეზიარონ, იმოგზაურონ, შეხვდნენ თავიანთ თანატოლებს“, – განაცხადა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ მათ სურთ, თითოეულმა ქართველმა ბავშვმა აიხდინოს თავისი ოცნება, როგორც ეს გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ – თავისი შრომით და ინტენსიური ვარჯიშით.
ხაზარაძის თქმით, რომელმაც პროექტში ინვესტიცია ჩადო, ასეთი აკადემიების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.
ხაზარაძესთან ერთად ტურინში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავაც გაემგზავრა.