თბილისი, 30 მარტი – Sputnik. მოთხოვნის არარსებობის გამო ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, განაცხადა საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. ამიტომაც ქართველმა ფერმერებმა არ იციან სად წაიღონ მოსავალი.
„საწყობებში მოსავალი ფუჭდება. გარდა ამისა, ორ თვეში ახალ მოსავალს ველოდებით. თუ საწყობები არ დაიცალა ძველი მოსავლისგან და არ გაიყიდა, ფერმერები კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან ახალი საწყობები არ არის“, – განაცხადა ბენიაიძემ.
ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ექსპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებით რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის შემოღების საპასუხოდ. ბენიაიძის თქმით, ეს ფქვილსა და ხორბალს კონკურენტულ კატეგორიებად აქცევს.
როგორც ბენიაიძემ აღნიშნა, გასულ წელს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გამო, ჯერ კოვიდ-პანდემიის მიზეზით, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამო, მთავრობის მოთხოვნით ფერმერებმა ხორბალი მაქსიმალურად დიდ ფართობებზე დათესეს და ახლა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდნენ.
„ამავე დროს სახელმწიფომ მხარი დაგვიჭირა, რათა ჩვენ იაფი კრედიტი მიგვეღო და ფერმერებმა მთლიან ფართობებზე დათესეს ხორბალი, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვერ ვიხდით სესხებს, რადგანაც მოსავალი დასაწყობებულია“, – განაცხადა მან.
მსგავსი ისტორიაა იმ ფერმერებთან დაკავშირებითაც, რომლებმაც ტრაქტორები ლიზინგით შეიძინეს, მაგრამ თანხის გადახდას ვერ ახერხებენ, აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
დარგის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართეს და პრობლემის გადაჭრის მათი ხედვა გააცნეს.
მარცვლეულის მწარმოებლები, გარდა ფქვილზე ე.წ. მცურავი ბაჟისა, ხელისუფლებას სთავაზობენ ხორბლის იმპორტი რამდენიმე თვის განმავლობაში არ განახორციელონ, რათა ადგილობრივმა ფერმერებმა მოსავალი გაყიდონ.
„რათა ფერმერი ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაცული და შეძლოს პროდუქციის რეალიზაცია“, – აღნიშნა ბენიაიძემ.
მისი თქმით, პრობლემის გადაჭრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე ვერ მოხერხდება, რადგანაც უწყებებში გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.
„ეს საკითხი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, რადგან სხვა დონეზე სამინისტროებმა შეთანხმება ვერ შეძლეს და კონსენსუსი არ იქნა მიღწეული“, – განაცხადა მან.
ხორბალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოჰყავთ, მაგრამ ყველაზე მეტი – კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში, ცოტა საგარეჯოშიც. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, აქედან 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.
ხორბლის ყანები არის ასევე ქვემო ქართლში – ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ იქ მთიანი ადგილებია და მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მომცრო მინდვრებია შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, გორისა და ქარელის რაიონებში.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულს, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ შარშან ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეწყვიტა.
საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე უწინდებურად მაღალია. 2022 წლის იანვარი-სექტემბერში რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის წილმა ამ პროდუქტების მთლიან იმპორტში 96% შეადგინა. საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (78%-მდე) რუსეთიდან შემოდის.