თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ამოქმედდა შეთანხმება საქართველოსთვის ახალი თაობის ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ სახსრების გამოყოფის შესახებ.
საქართველოსა და EBRD-ს შორის შეთანხმების შესაბამისად, თავდაპირველად გათვალისწინებული იყო, რომ ქვეყანა შეძლებს შეისყიდოს მხოლოდ დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსები.
შეცვლილი შეთანხმების თანახმად, რომელიც 29 მარტს ამოქმედდა, საქართველო, გარდა დიზელზე მომუშავე ავტობუსებისა, შეძლებს დამატებითი ელექტროავტობუსების შეძენას. ცვლილებები შეეხო ექვსი ქალაქისთვის ახალი 175 ავტობუსის შესყიდვისთვის სახსრების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას.
კრედიტის მთლიანი თანხაა 5,5 მლნ ევრო, საიდანაც 3,2 მლნ დაიხარჯება დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებზე, ხოლო 2,3 მლნ – 10 ელექტროავტობუსის შეძენაზე დამუხტვის მოწყობილობით.
ამჟამად ელექტროავტობუსები მხოლოდ ბათუმში მოძრაობს. სულ ბათუმის ავტობუსების პარკში ახალი თაობის რვა ავტობუსია.