საპროტესტო აქციები უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ: შსს-მ ერთი პირი დააკავა

უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 58 პოლიციელი დაშავდა
Sputnik
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. პოლიციელზე თავდასხმისა და საპატრულო პოლიციის ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.
საქმე ეხება 7-9 მარტის საპროტესტო აქციებს. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც ბევრჯერ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიტინგებში, რომლებიც 7-დან 9 მარტის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა, უფრო მეტად სტუდენტები მონაწილეობდნენ. მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
საპროტესტო აქციები თბილისში - სახალხო დამცველმა დარღვევებზე ისაუბრა >>
გამოძიებით დადგინდა, რომ 21 წლის მამაკაცმა მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელია.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდამ ასევე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა („პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა“) და 187-ე („ნივთის დაზიანება ან განადგურება“) მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნულ საპროტესტო აქციებზე პირველი სისხლის სამართლის საქმე „პოლიციელზე თავდასხმის მუხლით 8 მარტს აღიძრა. ამ დრომდე საქმეზე ერთი პირი იყო დაკავებული, რომელიც ამჟამად გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
წყარო - შსს