თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში მიღების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს, განაცხადა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიარონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
შარლ მიშელის თქმით, ევროკომისიამ შემდეგი ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის, ასევე საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ. გარდა ამისა, დებატები მიმდინარეობს დასავლეთ ბალკანეთის თაობაზე.
„მინდა დავადასტურო, რომ ევროპული საბჭოს წინაშე მე ამ საკითხის დასმას ვაპირებ წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე", – განაცხადა მიშელმა.
მისი თქმით, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ მოხსენების გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს.
„გულწრფელად მაქვს იმედი, რომ დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის", – აღნიშნა შარლ მიშელმა.
კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველო ევროკომისიისგან შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას – წლის ბოლოს.