თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოდან სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2023"-ის მონაწილის ირუ ხეჩანოვას გამოსვლის სცენოგრაფიაზე ავსტრიელი რეჟისორი მარვინ დიეტმანი იმუშავებს.
მარვინ დიეტმანი სატელევიზიო გასართობი და საკონცერტო შოუების პროდიუსერი და რეჟისორია. მას ასევე გადაღებული აქვს 100-ზე მეტი მუსიკალური ვიდეო და ის მრავალი არტისტის მუსიკალური ტურნეს მთავარ პროდიუსერად მუშაობდა.
დიეტმანი ვენაში დაიბადა. მისი შემოქმედებითი კარიერა 6 წლის ასაკში მოცეკვავის ამპლუაში დაიწყო. 22 წლისამ უკვე სარეჟისორო შემოქმედებითი კომპანია შექმნა, რომლის წყალობითაც მსოფლიოს 27 ქვეყანაში 250 შოუზე მეტი დადგა.
კონკურსი „ევროვიზია-2023" ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში. ირუ ხეჩანოვა მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს გამოვა.
„ევროვიზია 2023"-ში 37 ქვეყანა მონაწილეობს.
ირუ ხეჩანოვა 22 წლისაა. გოგონამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური კომპოზიციის განყოფილება დაამთავრა. ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის PR-ის კათედრაზე სწავლობს.
სასცენო კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსი 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის" ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა.