თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საპროტესტო აქციაზე იმის წინააღმდეგ, რომ ნორვეგიის „კონსერვატიულმა პარტიამ" მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის სფეროში დააჯილდოვა, ათობით ადამიანი შეიკრიბა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
აქცია საქართველოში ნორვეგიის საელჩოსთან, თბილისის ცენტრში ტარდება. აქციის ორგანიზატორია სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაპატიმრებული კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის ძმა - თორნიკე მოლაშვილი.
საპროტესტო აქცია ნორვეგიის საელჩოსთან
© photo: Sputnik / Stringer
აქციის მონაწილეები მოითხოვენ საქართველოში ნორვეგიის ელჩთან შეხვედრას და მისგან პოზიციის დაფიქსირებას – ეთანხმება თუ არა ნორვეგიის მთავრობა ნორვეგიის „კონსერვატიულ პარტიას", რომელმაც მიხეილ სააკაშვილი დააჯილდოვა.
საპროტესტო აქციის მონაწილეების აზრით, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ირღვეოდა ადამიანის უფლებები და ამის შემდეგ ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილი „დემოკრატიის შუქურაა", დაუშვებელია.
ჩვენ მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას. ეს სასჯელი არ არის, რაც ახლა ხდება. გაიხსენეთ, ხალხო, რა ხდებოდა მაშინ ციხეებში, განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.
ნორვეგიის საელჩოსთან პოლიციაა მობილიზებული.
სააკაშვილი ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის თანადამფუძნებლის სიურ ლინდებრეკეს სახელობის პრემიით დააჯილდოვეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარგში.
საპროტესტო აქცია ნორვეგიის საელჩოსთან
© photo: Sputnik / Stringer
დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ოსლოში გაიმართა, ექს-პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და ვაჟი ნიკოლოზ სააკაშვილი დაესწრნენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ადამიანის უფლებების დარგში ქართველი ხალხის შეურაცხყოფა უწოდა.
სულხან მოლაშვილი 2004 წლის აპრილში დააკავეს, ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება წარუდგინეს და წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს.
ერთი წლის შემდეგ მოლაშვილს 9 წლით პატიმრობა შეუფარდეს. მან ბრალი არ აღიარა. ციხეში მოლაშვილმა სამი წელი დაჰყო. 2008 წელს ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თხოვნით შეიწყალა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2014 წელს აღიარა, რომ მოლაშვილს ციხეში აწამებდნენ.
მოლაშვილი 2016 წლის 29 ივნისს პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.