თბილისში კიევ-პეჩორის ლავრის ბერების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ამას წინათ უკრაინის ხელისუფლებამ ამ ეკლესიის წარმომადგენლებს მოსთხოვა ლავრის დატოვება 29 მარტამდე.
Sputnik
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. თბილისში, უკრაინის საელჩოს შენობასთან კიევ-პეჩორის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გაიარეს ვაკის პარკიდან საელჩომდე გზა. აქციის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
საპროტესტო აქცია საქართველოში უკრაინის საელჩოს შენობასთან კიევ-პეჩორის ლავრის დასაცავად. 2023 წლის 28 მარტი
10 მარტს უკრაინის ეროვნულმა ნაკრძალმა „კიევო-პეჩორის ლავრამ“ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის ბერებს ტაძრის 29 მარტამდე დატოვება დაავალა.
მღვდელმსახურებმა განაცხადეს, რომ არ დაემორჩილებიან ხელისუფლების მოთხოვნებს: „ჩვენ არ ვართ კოლაბორანტები, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვართ“.
თბილისში აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ხატები, სანთლები, ხის ჯვრები და ბანერები: „ხელები შორს კიევ-პეჩორის ლავრიდან“.
საპროტესტო აქცია საქართველოში უკრაინის საელჩოს შენობასთან კიევ-პეჩორის ლავრის დასაცავად. 2023 წლის 28 მარტი
„სამონასტრო კომპლექსის მუზეუმ-ნაკრძალად გადაქცევა – ეს არის ცინიზმის აპოთეოზი, შეიძლება ითქვას. სხვა არაფერი მომდის თავში, ეს არის მიუღებელი შეფასება... ეს არის წმინდა ადგილი, სადაც ათასი წლის განმავლობაში უწყვეტად იმართებოდა წირვა-ლოცვა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანი მართლმადიდებლური უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვაა.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, უკრაინის საელჩოსთან აქციაზე არცერთი ქართველი სასულიერო პირი არ მისულა საქართველოს საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, სადაც სასულიერო პირებს მოუწოდებდნენ, თავი შეეკავებინათ სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან.
საპროტესტო აქცია საქართველოში უკრაინის საელჩოს შენობასთან კიევ-პეჩორის ლავრის დასაცავად. 2023 წლის 28 მარტი
„საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას გაგებით ვეკიდებით და ყოველთვის გაგებით ვეკიდებოდით“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ კიევ-პეჩორის ლავრის მომავლის საკითხი საკმაოდ მწვავეა, რადგან უკრაინის ხელისუფლების მიერ წაყენებულ ულტიმატუმს ვადა ოთხშაბათს, 29 მარტს ეწურება.