თბილისი, 28 მარტი — Sputnik. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიაღწიოს ობიექტურ საერთაშორისო გამოძიებას „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებებთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
„მიგვაჩნია, რომ ყველა დაინტერესებული უნდა იყოს ობიექტური გამოძიებით, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული — ყველა ის, ვისაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს დამკვეთებისა და შემსრულებლების ვინაობას. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვწუხვართ, რომ ჩვენი ინიციატივა ჩავარდა, მაგრამ რუსული მხარე არ დაუშვებს, რომ ეს თემა ჩაიფარცხოს“, — განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ახლა შეუძლებელია იმის დაკონკრეტება, თუ რა ქმედებებს განახორციელებს მოსკოვი, თუმცა რუსეთი „ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებს, რათა დაჟინებით მოითხოვოს საერთაშორისო გამოძიების დაწყება“.
მანამდე, 27 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსული რეზოლუციის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადების“ ინციდენტის გამოსაძიებლად სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ. დოკუმენტმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. მას მხარი მხოლოდ საკუთრივ რუსეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ დაუჭირეს, დანარჩენმა 12-მა წევრმა ქვეყანამ კი თავი შეიკავა. რეზოლუციის მისაღებად აუცილებელი იყო ცხრა ხმა, იმ პირობით, თუ უშიშროების საბჭოს რომელიმე წევრი ვეტოს არ დაადებდა მას.
რუსული რეზოლუციის პროექტის მიღების შემთხვევაში უშიშროების საბჭო გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავდა საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის შექმნის თხოვნით დივერსიის ყოველმხრივი გამოძიებისთვის.