თბილისი, 27 მარტი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოება ადამიანის უფლებების დარგში ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გასულ კვირაში სააკაშვილი ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის თანადამფუძნებლის სიურ ლინდებრეკეს სახელობის პრემიით დააჯილდოვეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარგში. დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ოსლოში გაიმართა, ექს-პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და ვაჟი ნიკოლოზ სააკაშვილი ესწრებოდნენ.
„რამხელა დაცინვაა ჩვენი ხალხის და შეურაცხყოფა, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული მმართველი, ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში. ეს ხომ დაცინვაა, ეს ხომ წარმოუდგენელია?!" – განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს პრემია არაფერს ნიშნავს. ეს დაახლოებით იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანას ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი დაეჯილდოვებინა, რომლის ტერაქტს 77 ადამიანი ემსხვერპლა.
„არ მინდა ახლა ეს მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ რადგან ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში, გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ჯილდო", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, სააკაშვილი საქართველოში ასობით ახალგაზრდის სიკვდილშია დამნაშავე.
„მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრისაქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.