თბილისი, 27 მარტი – Sputnik. კრიპტოვალუტის ბირჟა Binance საქართველოში ახალ ბლოკჩეინის ჰაბს ხსნის.
„მოხარული ვართ გამოვაცხადოთ საქართველოში ახალი Binance ბლოკჩეინ-ჰაბის გახსნის შესახებ. ამ Web3 ჰაბის შექმნით ვიმედოვნებთ, რომ ბლოკჩეინის სექტორში საუკეთესო კადრებს მოვიზიდავთ, რაც ხელს შეუწყობს ციფრულ ფინანსებთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო ინიციატივებს და კრიპტოინდუსტრიის შემდგომ განვითარებას საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამჟამად Binance-ის გუნდში საქართველოში 25 ადამიანია, რეგიონული ცენტრის ამოქმედების შედეგად კი 2023 წლის ბოლოსთვის ბირჟა დამატებითი ათობით სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.
Binance ასევე გააძლიერებს ციფრულ ფინანსებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ინიციატივების პოპულარიზაციას და დააჩქარებს კრიპტოვალუტების დანერგვას რეგიონში.
წლის დასაწყისში Binance-მა გააფორმა საპარტნიორო ხელშეკრულება საქართველოში მოქმედ მსხვილ საგადახდო ოპერატორ CityPay-სთან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), ასევე დაიწყო საქველმოქმედო პროგრამა Binance Charity Web3-ში ქალების მხარდასაჭერად.
გარდა ამისა, Binance-მა გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ხუთ უმსხვილეს უნივერსიტეტთან. შეთანხმებების ფარგლებში Binance და მისი საგანმანათლებლო ქვედანაყოფი Binance Academy პარტნიორებს მიაწვდიან საგანმანათლებლო მასალებს და გაუწევენ საორგანიზაციო მხარდაჭერას ბლოკჩეინ განათლებაში.
Binance არის მსოფლიოში წამყვანი ბლოკჩეინ-ეკოსისტემა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პროვაიდერი თავისი საფინანსო პროდუქტების კომპლექსით, რომელიც მოიცავს მოცულობით უდიდეს ბირჟას, რომელიც ციფრული აქტივებით ვაჭრობს.