თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გააფრქვიეს, რამაც მოზარდებში თავის ტკივილი და თვალების წვა გამოიწვია, იუწყება აჭარის ტელევიზია.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 10 მეშვიდეკლასელი მოსწავლე, ერთი მასწავლებელი და ერთი მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანა.
„შემთხვევა დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. ბავშვებს აღენიშნებოდათ თავის ტკივილი. თავად გამოვიძახე მედიკოსები. დანარჩენი დეტალები მოკვლევის შედეგად გაირკვევა", – განაცხადა სკოლის დირექტორმა ნატალია მგელაძემ.
არასრულწლოვნების მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ისინი, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დატოვებენ კლინიკას.
ინციდენტის შესახებ მიზეზებსა და დეტალებს გამოძიება დაადგენს.