საქართველოში ხანძრებთან ბრძოლა ჯარიმებით გადაწყვიტეს

მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ცეცხლის წაკიდება ხშირად ტყის ხანძრის მიზეზი ხდება.
Sputnik
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში შევიდა შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად ქვეყანაში მინდვრებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე ჯარიმები წესდება.
საქართველოში გავრცელებულია მავნე პრაქტიკა - მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ცეცხლის წაკიდება, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს და ამასთან, დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებსა ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა.
შესწორებების თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდება გამოიწვევს ჯარიმას - ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 ათასი ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, - 2 ათასი ლარის ოდენობით
თუ მიწის ნაკვეთი 1 ჰექტარზე ნაკლებია, ჯარიმა ერთი ჰექტარისთვის დაწესებული ჯარიმის ზომისა იქნება, ხოლო თუ 1 ჰექტარზე მეტია, ჯარიმას დამწვარი ტერიტორიის ფართობის შესაბამისად დაითვლიან.
ახალი სანქციები სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.